დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში სოფლის კრება გაიმართა. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მელექედურელებმა ბეტონის გზის გაკეთება და გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტეს. ამისთვის გამოყოფილი არის 31 000 ლარი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, ამით დასრულდა წელს სოფლის კრებების ჩატარება, რომელიც 28 სოფელში გაიმართა.
სოფელ მელექედურში სოფლის კრებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე და ინფრასრუქტურის განყოფილების უფროსი, ირაკლი გაგუა ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, 10 მარტს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხის განაწილების შესახებ ისაუბრეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის გელა ჩავლეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის, "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხიდან _ 1 404 547 ლარიდან, 1 342 237 ლარი განაწილდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, რაც სპეციალურ დანართშია გაწერილი. იმავე თანხიდან 62310 ლარი გამოიყენება საქართველოს მთავრობის "საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ", პროექტების თანადაფინანსებისთვის.
შენიშვნა: ფოტო გადაღებულია ერთ-ერთი სოფლის კრებაზე