ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დებატები მოყვა სამ საკითხს. საქმე ეხება ქალაქ ოზურგეთში დ.აღმაშენებლის ქუჩაზე 215 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით (აღნაგობის უფლებით) 30 წლის ვადით გაცემის შესახებ, ასევე ამავე ქუჩაზე 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით (აღნაგობის უფლებით) 30 წლის ვადით გაცემის შესახებ და ქალაქ ოზურგეთში ა.წულაძის ქუჩაზე 6887 კვ.მ. მიწის ფართიდან 5 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, პირდაპირი განკარგვის წესით (იჯარის უფლებით), 10 წლის ვადით გაცემის შესახებ.
პირდაპირი განკარგვის წესით მიწის ნაკვეთის გადაცემით წინააღმდეგი აღმოჩდნენ დეპუტატები, ლევან მგელაძე, თამარ ნადირიძე და გოჩა ძიმისტარაშვილი.
"დაინტერესებული პირი მოვიდა და აპირებს აღმაშენებლის ქუჩის ერთი ნაწილი მოაწესრიგოს და ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქისთვის. ყველამ კარგად ვიცით, რა პრობლემებს ქმნის აუქციონზე გატანის საკითხი." – თქვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ.
ლევან მგელაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუქციონის წესით უნდა გადაწყდეს, რადგან შეჯიბრითობა ბიუჯეტის შევსების გარანტიაა.
"ისე გამოდის, რომ მე ვწუხვარ მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდის საკითხზე."– თქვა ლევან მგელაძემ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე გამოეხმაურა.
"ვერ ვხდები რას ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენ ზრუნავთ ბიუჯეტზე. ეს ნამდვილად არ არის ასე" – თქვა გოგუაძემ.
გოჩა ძიმისტარაშვილის თქმით, ნამდვილად აჯობებს, თუ ეს მიწის ნაკვეთები აუქციონზე გავა.
"ინვესტორები ინტერნეტში შედიან და რა ვიცით, რომ უფრო მეტს არ გადაიხდიან აუქციონის წესით. ეს რაც ხდება, ცუდი პრეცედენტია და აქ ვხედავ კორუფციულ გარიგებას. მხოლოდ ღლონტები და ვიღაც-ვიღაცეები ყიდულობენ ქალაქ ოზურგეთში ყველაფერს." – თქვა ძიმისტარაშვილმა.
საბოლოო ჯამში ამ საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
დეტალებს ამ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსის" ხუთშაბათის ნომერში წაიკითხავთ.