საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ჩანთა აფეთქდა. ამის შესახებ ქარდავამ, რომელიც აფეთქების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
ქარდავას თქმით, პარიზის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტში ჯარისკაცები პატრულირებენ, თუმცა მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
"მაგრამ როდესაც მე გავიხედე ბილეთების პუნქტის წინ, რაღაც აფეთქდა. იყო რაღაც ჩანთა, რომელიც აფეთქდა და შემდეგ გაიტანეს. ადამიანები ძირითადად დაშავდნენ იმ ნამსხვრევებით, რომლებიც აეროპორტის სახურავიდან ცვიოდა", _ განაცხადა ქარდავამ და დასძინა, რომ ამ დროისთვის მგზავრები გადაყვანილები არიან ასაფრენ ბილიკზე, საიდანაც ავტობუსებით მოხდება მათი გაყვანა მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნება.
"გვაფრთხილებენ, რომ საფრთხე მოხსნილი არ არის და ნებისმიერ წუთს უნდა ვიყოთ მზად განმეორებითი აფეთქებისთვის", _ აღნიშნა ქარდავამ
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. აეროპორტი ამ დროისთვის დახურულია. გაუქმებულია ყველა რეისი.
შენიშვნა: გამოყენებულია ქეთევან ქარდავას ფოტო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა