“გურია ნიუსი” რამდენჯერმე წერდა შპს “ადითის” ჩოხატაურის ფილიალის სამედიცინო პერსონალის მთავარ პრობლემაზე _ ხელფასების დაგვიანებაზე. მედპერსონალს ჯერ კიდევ არ აუღია მარტის ხელფასები. როგორც ჩვენთან საუბარში ექიმებმა აღნიშნეს, მათ თებერვლის ხელფასები აპრილის შუა რიცხვებში დაერიცხათ და ისიც დიდი ძალისხმევის ფასად: _ თებერვლის ხელფასი მას შემდეგ მივიღეთ, რაც გაფიცვით დავიმუქრეთ და გადავწყვიტეთ, ყველას დაგვეკეტა კაბინეტები. საქმეში პოლიციის უფროსიც ჩავრთეთ და დაგვეხმარა(?!), თორემ გაფიცულები ვიყავით. დარეკა სადაზღვევო კომპანიაში, სადაც უთხრეს, რომ თანხა გადარიცხული იყო უკვე “ადითში”. შემდეგ, ეტყობა, “ადითი” შეაწუხეს და, დაახლოებით, 16-17 აპრილს ავიღეთ ხელფასები. ჩვენ ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, მოგვცენ ჩვენი შრომის ანაზღაურება. ეს ხომ დანაშაული არ არის? დიდი ხელფასები მაინც არ გვაქვს და რაც გვაქვს, იმის მიღებაზეც ყოველთვის ნერვიულობა გვხვდება, _ გვითხრა შპს “ადითის” მედპერსონალის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.