მოსახლეობისთვის უცნობი იყო ამ შეხვედრის მიზეზი და მიზანი. რომ არა ასეთი გასაიდუმლოება, ეს ფაქტი, უბრალოდ, სამუშაო შეხვედრად ჩაითვლებოდა. ენაკვიმატი გურულები შეხვედრის დაწყების მოლოდინში ხუმრობდნენ: _ “ასეთ შემთხვევაში ლუდი და მწვადი მაინც უნდა იკისრონ”, “ალბათ, ფულს გვირიგებენ”, “ალბათ, მიშა ჩამოდის”.
_ წუხელ დამირეკა უჩა კიკვაძემ (სოფელ წიფნარის რწმუნებული) და დაბაში ჩამოსვლა მთხოვა. მიზეზი რომ ვკითხე, ისეთი არაფერიაო, მიპასუხა. დღეს გავიგე, ჩემი სამეზობლოსთვისაც დაურეკავთ. არ ვიცი, რა ხდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა წიფნარელმა.
ჩვენ დავუკავშირდით სოფელ წიფნარის რწმუნებულს, უჩა კიკვაძეს.
_ ბატონო უჩა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ხალხს აგროვებდით დაბაში ჩამოსაყვანად. რასთან დაკავშირებით მოხდა ეს?
_ არა, არა.
_ ეს მცდარი ინფორმაციაა?
_ სოფლის პრობლემებზე სასაუბროდ გამგებელთან შევკრიბე ხალხი.
_ მოსახლეობამ არ იცის, რა ხდება… მეც ხომ წიფნარელი ვარ, მე რატომ არ შემატყობინეთ ამ შეხვედრის შესახებ?
_ მერე, წამობრძანდით, როგორც წიფნარელი…
გამგეობის შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
_ არჩევნებთან დაკავშირებით დაგვიბარეს, _ გვითხრა სოფელ ბურნათის წარმომადგენელმა, თუმცა, შეხვედრის კონკრეტული მიზეზი არც ერთმა იქ მდგომმა არ იცოდა, ზოგიც საერთოდ გაურბოდა ჩვენს კითხვაზე პასუხს.
ბატონი უჩას დაპირების მიუხედავად, დაპირებად დარჩა _ მუნიციპალიტეტის შენობაში გაკეთებული ბარიერის გადალახვის ნება ყველას არ მოგვცეს.