ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს.
კონცეფციის პროექტი თავდაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად უკვე განიხილა. პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. კონცეფციის სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია _ არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებმა კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს.
ირაკლი ლექვინაძე, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი: "ჩვენ უნდა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა, იქნება ეს: სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, ტერორიზმი და დივერსიები, ჩვენს ტერიტორიაზე სეპარატისტულ-კრიმინალური ელემენტების შეიარაღება სხვა ქვეყნის მიერ თუ კონფლიქტების გადმოდინება მეზობელი ქვეყნებიდან.
საქართველოს სჭირდება იმაზე დიდი შეიარაღებული ძალები ვიდრე დღეს ჰყავს. მეორე მხრივ არარაციონალური და არსებული რესურსებით შეუძლებელია შეიარაღებული ძალების თვისობრივი, რიცხობრივი ზრდა. გამოსავალი ერთია _ ეფექტური, ბრძოლისუნარიანი, მოქნილი სარეზერვო სისტემის შექმნა. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ რეზერვის შექმნა არ ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. პირიქით, ჩვენ ჩაგვეთვლება პლუსად თუ კრიზისულ სიტუაციებში ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების დახმარებაზე და კონტრიბუტორები გავხდებით საერთო უსაფრთხოების სისტემაში და არ ვიქნებით მხოლოდ მომხმარებლები.
შეიარაღებული ძალები და მისი სარეზერვო კომპონენტი უნდა განვითარდნენ პარალელურად, იმგვარად, რომ ერთის გაძლიერება არ მოხდეს მეორეს დასუსტების ხარჯზე.
ვფიქრობ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია არის კარგად დაბალანსებული ჩარჩო დოკუმენტი, რომლის დეტალების დახვეწის შედეგად შესაძლებელია მივიღოთ ჩვენს რეალობაზე (აქ ვგულისხმობ როგორც გამოწვევებს და საფრთხეებს ისე რესურსებს და შესაძლებლობებს) იდეალურად მორგებული სისტემა. ისიც ნათელია, რომ კონცეფციის იმპლემენტაციის სხვადასხვა ეტაპზე გარდაუვალია გარკვეული ხარვეზების და პრობლემების გამოვლენა. თუმცა მათი აღმოფხვრა და გასწორება არ იქნება დაუძლეველი პრობლემა."
პაატა გიგაური, "გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის" ხელმძღვანელი: "არმიის რეზერვი, კლასიკური სამხედრო დოქტრინის მიხედვით არის არმიის ბირთვი, რომელიც წყვეტს კიდეც ომის ბედს. რეგულარული არმია აკავებს მოწინააღმდეგეს და საშუალებას აძლევს რეზერვს (ანუ ერის მეომარ ნაწილს) გაიშალოს ომის შტატის მიხედვით. 1918-1921 წლების საქართველოს არმიაც ამის დასტურია, თავიდან ყველა ოპერაცია წარუმატებლად იწყებოდა, მაგრამ მობილიზაციის ხარჯზე გაძლიერებული არმია, როგორც წესი, წარმატებით ასრულებდა საომარ კამპანიებს. რეზერვი არ არის მეორეხარისხოვანი კომპონენტი და რეზერვისტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრია."
გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი: "რეზერვი უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა, საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეს აუცილებელი მახასიათებლები, პარამეტრები და მოთხოვნებია რაც საჭირო არის მოქნილი, ეფექტიანი და რესურსებზე ორიენტირებული რეზერვის ფორმირებისა და გამოყენებისათვის."
დავით ებრალიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე: "ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მივცემთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, სასწავლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას, რათა მათი შეხედულებები წარმოგვიდგინონ კონცეფციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შეხვედრები გვექნება უკვე საკომიტეტო, საპარლამენტო… შესაბამისად, ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ, დავამტკიცებთ ამ კონცეფციას და დასამტკიცებლად წარვუდგენთ პარლამენტს."
მას შემდეგ, რაც ექსპერტები და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს წარმოადგენენ, დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის უკვე შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს.
საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის იგეგმება კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია და შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
(R)