დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი აღინიშნება. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა.
ზუსტად 25 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული რეფერენდუმი, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მოსახლეობას უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.
რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
რეფერენდუმი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა, რომელსაც დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.
მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1973—1990) ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი _ ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი.
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო1991 წელს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე.
გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა). გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი".
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ).
მანამდე, 1975წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების წევრად.
გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში.
1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
გამსახურდიას ოპონენტები ხშირად მიუთითებენ, რომ 1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან "მოინანია დანაშაული". ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა პარიზში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის "გუშაგი" 1994 წლის პირველი ნომრის სარედაქციო წერილი "ერთი სიცოცხლე", რომელშიც წერია:
„…ზვიად გამსახურდიას ემუქრება არა მხოლოდ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ ქვეყნიდან გაძევებაც. მერაბ კოსტავასთან შეთანხმებით, გამსახურდია საჯაროდ "ინანიებს დანაშაულს".
საგულისხმოა, რომ სწორედ ამ "მონანიების" შემდეგ საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა:"მჯერა, დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავს".
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".
1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ – თავისუფლება: შემდეგ – დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო".
მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი – ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.
ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა.
აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).
ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა.
1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.
1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე გამსახურდიას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო, განსაკუთრებით საქართველოს ურთიერთობებში საბჭოთა კავშირთან. უმთავრესი პრობლემა საქართველოს მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების პოზიცია იყო (ისინი მოსახლეობის დაახ. 30%-ს შეადგენდნენ).
მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ჯგუფების ერთი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიის აღდგენაში, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში 245 ადგილიდან მათ მხოლოდ 9 ერგოთ.
ეროვნულ უმცირესობათა საკითხი მწვავედ იდგა საქართველოს დამოუკიდებლობამდეც, რასაც სერიოზული ეთნიკური წინააღმდეგობები მოყვა 1989 წელს აფხაზეთში. ამას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის საარჩევნო კამპანიის დევიზი იყო "საქართველო ქართველებისთვის".
1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.
სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები "კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად" გამოაცხადა.
1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს".
ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა.
19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს.
მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს.
მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. რიდიცულოუს) უწოდა.
სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე.
ამავე განცხადებით ეროვნული გვარდიის მეთაურის პოსტი გაუქმდა, ხოლო მისი წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებს დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში, ეროვნული გვარდია უკვე ისედაც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი, ხოლო გამსახურდიას ოპონენტებმა ამის დასამტკიცებელი საბუთი ვერ მოიყვანეს.
უფრო მეტიც, თავად გამსახურდია ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ის არ აპირებდა ეროვნული გვარდიის დაშლას.
ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს.
გამსახურდიას განკარგულებით დაიხურა ოპოზიციური გაზეთი "მოლოდიოჟ გრუზიი" იმ მიზეზით, რომ ის ღიად მოუწოდებდა ეროვნული წინააღმეგობისკენ.
გიორგი ჭანტურია, რომლის ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტია იყო იმ პერიოდში, დააპატიმრეს ლეგიტიმური მთავრობის დასამხობად მოსკოვიდან დახმარების ძიების ბრალდებით. ასევე გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოს ტელევიზიის მეორე არხი ასევე დაიხურა, ვინაიდან მისმა თანამშრომლებმა მთავრობის წინააღმდეგ მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა.
მთავრობის ქმედებებმა გაამწვავა საზოგადოების დამოკიდებულება შინ და საზღვარგარეთაც. აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომელსაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ".
ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას.
საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.
პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია.
ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო- და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა.
მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს.
მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.
6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს.
სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი უბოძა.
სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).
სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები.
სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში.
ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.
მთავრობიდან გადაყენების შემდეგ გამსახურდია აგრძელებდა საკუთარი თავის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოჩენას.
1992 წლის ნოემბერ-დეკემბერში ის მიწვეულ იყო ფინეთში (ფინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ) და ავსტრიაში (ადამიანთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ).
ორივე ქვეყანაში მან პრეს-კონფერენციები და შეხვედრები გამართა პარლამენტარებთან და ოფიციალურ პირებთან.
შეტაკებები პრო და ანტი გამსახურდიას ძალებს შორის გრძელდებოდა 1992-93 წლებში.
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა თბილისში 1992 წლის 24 ივნისს, როდესაც გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს.
მათ მოახერხეს რადიო გზავნილის გაშვება ტექსტით: "ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია. წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება."
თუმცა, ისინი ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიიდან რამდენიმე საათში გამოდევნა. მათი მიზანი შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხის წამოწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
მთავრობამ საპასუხოდ მკაცრი რეჟიმი დაამყარა მთელს საქართველოში "ზვიადიზმის" ჩასახშობად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადამიანთა უფლებების დარღვევებს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შევარდნაძის პირადი პრესტიჟის წყალობით ქვეყანამ ფორმალური აღიარება მაინც მოიპოვა.
1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში).
ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. მისი განცხადებით ის განაგრძობდა "მშვიდობიან წინააღმდეგობას არალეგალური სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ" და კონცენტრაციას ახდენდა ანტი-შევარდნაძის კოალიციის შექმნაზე, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა.
მან ასევე მოახერხა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის შემოკრება, რომელსაც საკმაოდ თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ცენტრალური ხელისუფლების სუსტი თავდაცვის სისტემის წყალობით. თავდაპირველად გამსახურდია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა, თუმცა მისმა ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიციის ხელთ ჩაგდება, რამაც 1993 წლის ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. გამსახურდიას მომხრეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქისა და სატრანსპორტო კვანძი ჩაიგდეს ხელთ. სამთავრობო ძალები უკან არაორგანიზებულად იხევდნენ და გამსახურდიას ძალებსა და თბილისს შორის მცირე წინააღმდეგობას ტოვებდნენ.
თუმცა გამსახურდიას ძალების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის ხელში ჩაგდებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) დააზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში.
ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ ერთბაშად ერთგვარი "ქუიდ პრო ქუო" სვლა გააკეთა და შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას.
მხარდაჭერა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან მხოლოდ პოლიტიკური იყო, რუსეთმა კი სწრად მოახდინა ჯარების მობილიზება საქართველოს ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად.
20 ოქტომბერს, დაახლოებით 2 000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა ქართული რკინიგზის დასაცავად და მწირად აღჭურვილ ქართულ ჯარებს ლოჯისტიკური და იარაღით დახმარება გაუწია. აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა და ზუგდიდი იმავე წლის 6 ნოემბერს დაეცა.
1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).
1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.
გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე.
ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოშიდაასაფლავეს. 2007 წლის 3 მარტს ჩეჩნეთის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამსახურდიას საფლავი, დაკარგული გროზნოში ომების პერიოდში, იპოვეს ქალაქის ცენტრში.
გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დაადასტურეს რუსმა ექსპერტებმა დონის როსტოვში და ის 2007 წლის 28 მარტს საქართველოში ჩამოასვენეს.
გამსახურდიას ნეშტი დაასაფლავეს 2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
პ.ს. 2003 წლის 21-23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის იანვარში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მიღებული იქნა რამდენიმე აქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად მისი ხელისუფლების რეაბილიტაციისათვის.
შეწყდა გამსახურდიასა და მისი მომხრეების მიმართ 1992 წლის 4 იანვარს აღძრული სისხლის სამართლის საქმე # 7492801 და სისხლის სამართლებრივი დევნა.
საქართველოში ეროვნული დაპირისპირების აღმოფხვრისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა 1991-1993 წლებში რეპრესირებულთა რეაბილიტაციისა და სხვა დაკავშირებული აქტები. მათ შორის 2004 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია. შესაბამისად საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შექმნა პროცესუალური საგამოძიებო ჯგუფი.
პროცესუალურმა საგამომძიებლო ჯგუფმა დიდი მუშაობა ჩაატარა და გამოიტანა დადგენილება ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული # 7492801 სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საქმის და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დანაშაულის არარსებობის გამო.