საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის ინფორმაციით თბილისში არქეოლოგიური ცენტრის გასხვისება იგეგმება.
კომიტეტის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ "დიმიტრი ქუმსიშვილი არის ის ადამიანი, ვინც მოაწერა ხელი საყდრისის აფეთქებას და ამ ქმედებით უამრავი პრივილეგია მიიღო _ ფაქტიურად ვიცე პრემიერობისკენ გაეხსნა გზა".
კომიტეტის განცხადებას განცხადებით პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში:
" თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.“
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაიმე სახის საქმისწარმოება შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით.
არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძეს და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე შეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე ქონებასთან.
ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ვთხოვთ, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია." _ აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე თემაზე: "დავდებთ სკანდალურ ფაქტებს" _ საყდრისის დაცვის კომიტეტი მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ