საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მცხეთაში, მუზეუმის შენობის გასხვისების ფაქტზე განმარტებებს აკეთებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით განმვარტავთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურ პირს დავით ისახანაშვილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე 2653.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
სანაცვლოდ ინვესტორმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან“ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ ორსართულიანი, 867 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი მუზეუმის მოსაწყობად, გარემონტებულ მდგომარეობაში, უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, მეორეს მხრივ კი ცალსახად აუმჯობესებს ეროვნული მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს.
ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 27-ში მდებარე მუზეუმი არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, რაც საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიით და საგანმანათლებლო სივრცით.
დაბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მოთხოვნები სრულად გათვალისწინებული და ასახულია ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში.
ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუზეუმის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობას გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების ახალ მუზეუმში, უკეთეს სამუშაო პირობებში", _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.