"რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ.
ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს – არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა.
ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე", _ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ "რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.
ლიდერების განმარტებით, მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას.
" არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ჩვენ ეტაპობრივად გადავწყვეტთ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში – ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;
ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;
შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატო-ს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას. ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება – ფრაქცია „რესპუბლიკელები“ იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა" _ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.