საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და რეფორმების ასოციაციის ცენტრის პრეზიდენტი სერგი კაპანაძე იმ საფრთხეებს აანალიზებს, რაც შეიძლება ქვეყნის წინაშე იმ შემთხვევაში წარმოიშვას, თუ ამიერკავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყება. კაპანაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მისი აზრით, პოზიციის არქონა ასეთ შემთხვევაში, გარკვეულ პოზიციაზე მიანიშნებს.
"ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:
– ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?
– ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?
– ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?
– თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?
– ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?
– რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?
– ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?
– როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.
– როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში?
– ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თაბხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?
– ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.
– ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?
მოკლედ, ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა".- წერს კაპანაძე.