ვარაუდობენ, რომ ტანსაცმელზე პირველი ღილი მეცამეტე საუკუნეში, გერმანიაში გაჩნდა.
თუ ადრეული აღორძინების ეპოქის ნახატებზე, პორტრეტებზე, ტანსაცმელზე ღილები საერთოდ არ ჩანს, მეთექვსმეტე საუკუნეში დიდებულთა პორტრეტები გამოირჩევა საგანგებოდ მორთული ღილებით. ღილი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი იყო – ღილის სილამაზე და ტანსაცმელზე მისი რაოდენობა ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებდა.
წარმოშობის მომენტიდან, ღილის აქტიური მომხმარებლები იყვნენ კაცები. ქალები ტანსაცმელს ძირითადად ინგლისური ქინძისთავებით იკრავდნენ, ან – ბროშებით და თასმებით. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გაანებივრა მოდამ ქალბატონები ღილებით. სხვათა შორის, ქალის პერანგზე წინა მხრიდან ღილების დაკერების ტრადიცია მხოლოდ 100 წელიწადს ითვლის.
მეთექვსმეტე საუკუნეში საფრანგეთის მეფემ, ფრანცისკ პირველმა, თავისთვის ხავერდის კოსტიუმი შეუკვეთა, რომელიც 13 600 ღილით იკვრებოდა.
მეჩვიდმეტე საუკუნეში მეფეებისა და დიდებულების ტანსაცმელზე დასაკერებელ ღილებს საკმაოდ ცნობილი მხატვრებიც კი ქმნიდნენ. ფრანგებმა ისიც მოახერხეს, რომ ღილი ფაიფურისგან შეექმნათ. „მეფე მზეს” – ლუდოვიკოს ჰქონდა ღილები, რომლებშიც მინიატურული საათები იყო ჩამონტაჟებული…
ღილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას და შეიძლება ითქვას ღირსებასაც, მუნდირებზე იძენს…