6 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ტაძრის მოძღვართან, მამა თეიმურაზთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა დეკანოზმა ბესარიონმა და მთიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თადეოზმა აღავლინეს. წირვას, მრევლთან ერთად, ესწრებოდა წიფნარის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობის დამფინანსებელი და სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ანდღულაძე.
_ აქ ჩემი წინაპრების საფლავებია და ამ ადგილის, ამ სოფლის ნოსტალგია ყოველთვის მაქვს. მას შემდეგ, რაც ეს დიდებული ტაძარი გაიხსნა, ვცდილობ, გიორგობის დღესასწაულზე ჩამოვიდე და საზეიმო წირვას დავესწრო. 2000 წელს მე და ჩემი მეგობრები ვაშენებდით ტაძარს საგურამოში. ჩემთან მოვიდა ქალბატონი ნუნუ ანდღულაძე და მთხოვა, იქნებ იფიქრო, წიფნარში ტაძრის აგებაზეო. მე ამაზე უკვე მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ვერ შევძლებდი ერთდროულად ორი ტაძრის შენებას. ამიტომ, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ღვთის წყალობით, 2008 წელს ეს ტაძარი გაიხსნა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ანდღულაძემ.
მეუფე თადეოზმა წირვის დასასრულს კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და სრულიად საქართველო დალოცა.