საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის საპარტნიორო ფონდისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. რომანოვების სასახლის საპარტნიორო ფონდისთვის 25 წლიანი მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა ჯერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შემდეგ კი თავად ფონდის ვებგვერდზე განთავსებულმა ინფორმაციამ.
როგორც ირკვევა, ფონდს გადაწყვეტილი აქვს ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში განახორციელოს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ცვლილებებები, რაც 2014 წელს აშენებულ სასტუმრო „ბორჯომ რიქსოსთან“ ერთობლივ ტურისტულ კომპლექსში მოექცევა.
ზემოხსენებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია „ყაზმუნაიგაზის" ერთობლივი ინვესტიციით (პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ) აშენდა, ისედაც „ჩაყლაპული“აქვს რომანოვების სასახლე, რომელიც სასტუმროს უკანა მხარეს არის მოქცეული და, ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, სასტუმროს ვიზიტორთა გარდა რეზიდენციაში არავის უშვებენ.
საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რომანოვების სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის სააგენტო და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც, რამდენადაც ობიექტი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი უნდობლობას ვუცხადებთ კულტურის სამინისტროს, რადგან სახეზე გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის არაერთი ფაქტი, საყდრისის აფეთქება და დღემდე შეუსრულებელი დაპირება ბოლნისში მუზეუმის მოწყობის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უყურადღებობისა და გულგრილობის შედეგი-განადგურებული ბერიკლდეების 6000 წლოვანი ყორღანები.
მოვითხოვთ: საპარტნიორო ფონდმა გაასაჯაროვოს ყველა ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა სასახლის ფონდის მმართველობაში გადაცემა; გასაჯაროვდეს რომანოვების სასახლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი და მასში ჩართული სპეციალისტების ვინაობა; რომანოვების სასახლე სამართავად გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს; ამ საკითხების განსახილველად უახლოეს პერიოდში ჩაინიშნოს საყდრისის კომიტეტისა და საპარტნიორო ფონდის პასუხისმეგებელი პირის შეხვედრა" _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.