პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდის" საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი დავით ჯანდიერი მიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცედურა დარღვევებით განხორციელდა.
"მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცედურა ევროსაბჭოს და საქართველოს მოქმედი რეგულაციების უხეში დარღვევით განხორციელდა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანდიდატთა "მორალური და პროფესიული რეპუტაციის" შესაფასებლად დაწერილი ქულები დღემდე არ გაასაჯაროვა. საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია თითოეული ინტერვიუს აუდიოჩანაწერი, რაც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.
კომისიის იმ წევრებმა, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, ღიად დაგმეს პროცესის მიმდინარეობა. კომისიის წევრი კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლის განცხადების თანახმად, "პროცესი მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას."
არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 5 კანდიდატისგან შერჩეული 3 კანდიდატის სია დასამტკიცებლად უნდა გადაეგზავნოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლედ არჩევის შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად.
არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული პროცედურა ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესს უხეშად არღვევს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობის პრონციპის დაცვით ჩატარება, ვინაიდან არსებული ინფორმაციის საფუძველზე, უკვე შეიქმნა რეალური საფრთხე იმის, რომ ევროსაბჭო საქართველოს უკან დაუბრუნებს წარდგენილ კანდიდატთა სიას, რაც სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის." – ნათქვამია ჯანდიერის განცხადებაში.