საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილი არიან ის პირები, რომელთა მიერაც განხორციელდა 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი. ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას. ხოლო ერთს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
კერძოდ, დაკავებულები არიან შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთვარი სამმართველოს ძველი თბილისის 7-ე სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას.
დაუსწრებლად წარედგინა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს, რადგან მას გამოძიების პროცესში უკვე დატოვებული ქონდა საქართველო და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ზემოთაღნიშნული პირები სისტემატურად ეწეოდნენ კომპრომეტირების მიზნით პოლიტიკოსების და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების დამზადებას.
აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.