აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დევნილები იყვნენ, რომლებიც თავიანთ გაუსაძლის სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ.
დღევანდელ აქციაზე, თბილისში ჩამოსვლას აპირებდნენ დევნილები სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებიდან, თუმცა, როგორც პარტია “განახლებული საქართველოსთვის” რეგიონული სამსახურის უფროსმა, ლაშა გვასალიამ “გურია ნიუსს” განუცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მის საშუალება არ მისცა.
“როგორც ამ დილით გახდა ცნობილი, ხობის რაიონის სოფელ ყულევის გამგებელი, თამაზ ნასარია, პოლიციელებთან და უბნის ინსპექტორებთან ერთად, დადის დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებში და ემუქრება მათ შანტაჟითა და ანგარიშსწორებით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გამგებელი, გარდა იმისა, რომ მათ მიმართ იყენებს სიტყვიერ მუქარას, აშინებს ყოველგვარი სოციალური დახმარების მოხსნით და ეუბნება, რომ სამაგალითოდ დასჯის იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს და მონაწილეობას მიიღებს დევნილთა ფართომასშტაბიან აქციაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის გამგებელი კახა მიქაბერიძე, რომელიც პოლიციელების თანხლებით დადის მოსახლეობასთან, აშინებს და ყველას ემუქრება ვინც კი შეკრებაზე წავა. გამგებელი პოლიციელებთან ერთად არ ერიდება ახალგაზრდების დაშანტაჟებას. იწერს მათ სახელებსა და გვარებს, აფიქსირებს ვიდეოკამერით და ემუქრება, რომ ეს მასალები გადაგზავნილი იქნება კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებთან.”
სამართალდამცველების საკმაოდ დიდი რაოდენობა თბილისში გამართულ აქციაზეც დაფიქსირდა, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მიმდინარე პროცესებს და ვიდეოგადაღებასაც აწარმოებდნენ.
აქცია, დაახლოებით 17:00 საათზე დასრულდა, თუმცა, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია _ აქციის სამი მონაწილე, პარტია “განახლებული საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წევრები საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ადმინისტრაციული სასჯელი _ 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.