დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგლარ სიორიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძესა და კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გაიოზ მონიავას შეხვდა. გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გასულ წელს დაინიშნა და მისი გურიაში ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს.
სტუმრები ქალაქ ოზურგეთის რაგბის სახეობაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. გოჩა სვანიძემ ა.(ა).ი.პ. "ქალაქ ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი"-ს მორაგბეთა გუნდი "არწივები" მოინახულა და ადგილობრივი რაგბის ხელმძღვანელობას სტადიონის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფას დაპირდა.
"რაგბის მდგომარეობას გურიის ყველა მუნიციპალიტეტში გავეცანით და მინდა გითხრათ, რომ ქალაქ ოზურგეთში ამ მიმართულებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა დაგვხდა. მადლობას გიხდით, რომ რაგბის განვითარებაზე ზრუნავთ" -აღნიშნა რაგბის პრეზიდენტმა.
"სპორტის განვითარება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობას სათანადო ყურადღება მივაქციოთ. ქალაქის მერიამ შეძლო, პირველად ოზურგეთის რაგბის ისტორიაში, მორაგბეებისთვის ხელფასი დაენიშნა და ბიუჯეტი 80 000 ლარით გაეზარდა, ეს არ არის კოლოსალური ანაზღაურება, მაგრამ ამ ნაბიჯით შევეცადეთ მორაგბეებში მოტივაცია გაგვეზარდა. მომავალში სპორტის ამ სახეობისთვის გაცილებით მეტი ყურადღების დათმობას ვგეგმავთ’’,_ აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
(R)