"ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის სპორტის სამსახურისა და გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, 8 აპრილს, ოზურგეთში სპორტული ღონისძიება – გარბენი "ნატო-ს თასი"გაიმართა.
გარბენში მონაწილეობა "ევროკლუბის" უცხოელმა მოხალისეებმა და ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
მარათონი, რომლის დისტანცია კილომეტრნახევარი იყო დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.
გარბენში ბიჭებს შორის პირველი ადგილი და ნატო-ს თასი, რომელიც ქ.ოზურგეთის მერიამ და გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრმა დააწესეს, N4 საჯარო სკოლის მოსწავლეს ამირან თავართქილაძეს ერგო. მეორე ადგილზე კი, სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დეკანოიძე გავიდა. კილომეტრნახევრიანი მანძილი სირბილით, გოგონათა შორის პირველმა N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ კანთელიძემ დაფარა.
"ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს წარმომადგენელმა სპორტულ მარათონში, პირველ და მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ნატო-ს კვირეული მთელი საქართველოს მასშტაბით მეცხრედ ტარდება. წელს, კვირეულის ღონისძიებებში გურიაც აქტიურად ჩაერთო.