მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.
მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანი, ალვის ხე და დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ტყე-პარკის გაშენების მიზნით, 30 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების ხე-მცენარე გამწვანების საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე დაირგვება.
აღსანიშნავია, რომ რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.
საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე დაირგვება.
მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.