გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” საპარლამენტო კანდიდატი ჩოხატაურში შესაძლოა მიხეილ მარი გახდეს. “გურია ნიუსთან” საუბრისას, მარი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, ექსკლუზიურად გვითხრა, რომ ის პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის ოფისის ხელმძღვანელი იქნება: _ ჩემი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნების კანდიდატად არ განიხილება. საერთოდ არ გარკვეულა ჯერ კანდიდატების ვინაობა. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე ვუხელმძღვანელებ პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის ოფისს, _ გვითხრა მიხეილ მარმა.
მისივე თქმით, ის არავის დამარცხებას არ გეგმავს და აქვს მხოლოდ ერთი მიზანი _ პარტიას გამარჯვება მოაპოვებინოს: _ ერთხელ, 80-იან წლებში, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, თქვენი ჰობი რა არისო. ვუთხარი, სიკეთის კეთება,-მეთქი. მე არ მჭირდება იმის მტკიცება, ვინ ვარ და რა ვარ. ჩოხატაურელებმა კარგად იციან, მე რა გამიკეთებია. გამაჩნია ავტორიტეტი და გამარჯვებაში სწორედ ჩემი პიროვნების იმედი მაქვს, _ აღნიშნა მარმა.
ჩვენს კითხვაზე, გააქტიურდება თუ არა ოპოზიციური სპექტრი ჩოხატაურში, მიხეილ მარმა გვიპასუხა, რომ აუცილებლად გააქტიურდება.