არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომელიც უცხოელებისთვის იქნება განკუთვნილი.
აბუ-დაბის ტერიტორიაზე მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო ზონა შენდება. ამ ზონაში ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ უცხოურ კომპანიებს დართავს მშენებლობის უფლებას.
ინვესტორების პროექტის მიხედვით, ერთ მხარეს უდაბნო, მეორე მხარეს სპარსეთის ყურე, შუაში კი სამრეწველო ზონა – "კიზადი" განთავსდება. "კიზადი" მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო ზონა იქნება. პროექტის ღირებულება 7,2 მილიარდი დოლარია. სამრეწველო ზონის ფართობი 417 კვადრატული კილომეტრია.
სამრეწველო ზონას საკომუნიკაციო, სავაჭრო და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიები შეავსებენ.
2030 წლისთვის "კიზადის" ტერიტორიაზე 150 ათასი ადამიანი იქნება დასაქმებული. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლება "კიზადს" განსაკუთრებულ ეკონომიკურ სტატუსს მიანიჭებს და აქ მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ ფუნქციონირებას 100 პროცენტით უცხოური კაპიტალი რომ გააჩნიათ.