ბერლინის "ჰერტა" გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და გუნდს შესაბამისი სტადიონიც აქვს. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა.
ბუნდესლიგის მიმდინარე წლის პირველობაზე "ჰერტა" წარმატებით ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფება. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და დიდია შანსი, ლევან კობიაშვილის ყოფილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.
გერმანული ყვითელი მასმედიის მტკიცებით, "ჰერტა" წარმატებებს მოდელს, ვინმე იანინა ჰაბეკს უნდა უმადლოდეს.
იანინა "ჰერტას" თავგადაკლულ ქომაგად ითვლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ფოტოები "ფლეიბოიში" დაიბეჭდა, გოგონას ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდა. მუდმივად გადაღებებზეა და გასულ წელს სტადიონზე, პრაქტიკულად, არ უვლია.
გულშემატკივრებმა იანინას სთხოვეს, ეგებ მოიცალო ხოლმეო და გოგონაც მიმდინარე წლის თებერვლიდან სტადიონზე პატიოსნად დადის…
"ჰერტას" ფანების მტკიცებით ლამაზმანი იანინა კლუბის წარმატებების უმთავრესი მიზეზია. რასაკვირველია გუნდს მისი დახმარების იმედი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაშიც ექნება.