2016 წლის 23 მაისს, თბილისში საფუძველი ჩაეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რომელსაც აერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
"ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
პარალელურად (ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად) შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად.
ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც, რაც ეფუძნება მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს – სიმსივნის ადრონულ თერაპიას. ამ თვალსაზრისით ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპლექსური ხასიათისაა და მას თანამედროვე მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება აქვს.
ტექნოლოგიურ ინსტიტუტს საქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნება, როგორც CNAO-ს (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) INFN-ს (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) იტალიისთვის და CERN-ს (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი) ევროპისთვის.
საქართველოს მთავრობამ ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN, CNAO და INFN -თან.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი თეიმურაზ ლომთაძე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობაში აქტიურად არის ჩართული იტალიის საელჩო საქართველოში.
პარალელურად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებას, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, გერმანიის, იაპონიის კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი.
იგეგმება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან. ჩატარდება ლექციები ფიზიკის და მათიმატიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის.