საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ქვეყანაში ცხოვრებაზე და საზღვარგარეთ მუდმივ ემიგრაციაში წასვლაზე ნებართვა აქვს აღებული. ამის შესახებ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა სამხარაძემ ისაუბრა.
როგორც სამხარაძე ამბობს, ამ დროისთვის, საქართველოს 98 000 მოქალაქე რეგისტრაციიდან არის მოხსნილი. ამ 98 ათასი მოქალაქიდან კი, 12 ათასი საზღვარგარეთ მუდმივ ემიგრაციაში იმყოფება.
"98 ათას ამომრჩეველში მოვიაზრებთ ყველა სახის რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველს. რეგისტრაციიდან მოხსნის ერთ-ერთი საფუძველი არის მუდმივად საზღვარგარეთ წასვლა. ასეთი დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანია. ემიგრაციის ნებართვები გაიცემა სპეციალურად, როდესაც მოქალაქე სახელმწიფოსგან ითხოვს მუდმივად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლას. ამის ოფიციალურ დოკუმენტს სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს. ადრე შსს გასცემდა, შემდეგ იუსტიციის სამინისტრო. ემიგრაციაში მუდმივად წასვლა კანონმდებლობით არის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი და ეს 12 ათასი ადამიანი არჩევნებში არ მონაწილეობს", _ აღნიშნავს სამხარაძე და დასძენს, რომ ეს ციფრი მზარდი არ არის.
"ბოლო წლების განმავლობაში ეს ციფრი მზარდი არ არის. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემი. ემიგრაციაში წასვლის ასეთი ნებართვები 1990-იან წლებშიც გაიცემოდა", _ აღნიშნავს სამხარაძე.
რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, ვინ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არის თუ არა ამომრჩეველთა ერთიან სიაში "მკვდარი სულები", _ ამ და სხვა საკითხბზე "გურია ნიუსი" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჩაწერილ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.