თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს შეხვდა. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პრემიერი უნივერსიტეტში დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად და პრესსამსახურის გარეშე მივიდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ პირველ კორპუსში მივიდა.
"აუდიტორია 115"-ის წევრები და პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. ყურადღებით მოვისმინე მათი პოზიციები. დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ამ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად, ფორმებს, შევთანხმდით, რომ მათი მხრიდან იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ. მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"ასევე გვექნება საუბარი უნივერსიტეტებში მმართველობის ორგანოების სტრუქტურაზე და ყველა მტკივნეულ საკითხზე აუცილებლად ერთად მოვილაპარაკებთ." – განაცხადა კვირიკაშვილმა