ქობულეთში, ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძრის გამო დაკავებული, ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.
როგორც ართმელაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, ზაზა ართმელაძე 50 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ართმელაძეს პატიმრობა 2015 წლის 20 ნოემბერს შეუფარდა. როგორც მაშინ პროკურორი რომეო ტყაბლაძე ამტკიცებდა, ზაზა ართმელიძეს შეეძლო მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა და მტკიცებულებები გაენადგურებინა.
თუმცა, ართმელაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის შემდეგ დაინახა, რომ ამის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს.
“ზაზა ართმელაძის გათავისუფლება დღეს მოხდა, გირაოს სანაცვლოდ, რომელიც ქონების უზრუნველყოფის საფუძველზე იქნება გადახდილი. მოწმეები უკვე დავკითხეთ და არცერთი მოწმე ართმელაძის საწინააღმდეგო ჩვენებას არ აძლევს. სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა მოსამართლე ირაკლი შავაძემ და მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. დაკითხვისას ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა თუნდაც ის, რომ ნამდვილად ზაზა ართმელაძე იყო აღნიშნული სასტუმროს ხელმძღვანელი. მის სახელზე არ არის სასტუმრო გაფორმებული”, _ აცხადებს კაკაბაძე.
გარდა ამისა, ადვოკატი აღნიშნავს, რომ არც დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ართმელაძე არ იყო მომხდარში დამნაშავე.
“პრეტენზია ოჯახის წევრებს ჯგუფის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფის, გოგლიკი მარღანიას მიმართ ჰქონდათ, რომლებსაც ბავშვები ჰყავდა ჩაბარებული”, _ უთხრა კაკაბაძემ “გურია ნიუსს”.
ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მან პატიმრობაში 5 თვე გაატარა.
სასტუმრო “არმაზში” (ე.წ. “ხასანას” სასტუმრო) 2015 წლის 10 მაისს გაჩენილ ხანძარს რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის “სიხარული 2”-ის სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.