22 მაისს ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები არის ჩანიშნული. "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარმომადგენლები საარჩევნო ორთაბრძოლას მომდევნო კვირის ორშაბათიდან შეუდგებიან.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე ჩაუდგება სათავეში. ინფორმაცია "გურია ნიუსს" "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დაუდასტურა.
"ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნოდ შტაბს, ეს საკითხი დღის ბოლოს გაირკვევა" – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს დაბა ნასაკირალის დეპუტატობის კანდიდატმა ბესო ქათამაძემ, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
ასევე ამ ეტაპზე უცნობია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გია კალანდარიშვილის შტაბს ვინ უხელმძღვანელებს.
"ყველაფერი გეცოდინებათ რამდენიმე საათში" – გვითხრა გია კალანდარიშვილის მხარდამჭერმა, ლევან მგელაძემ.