ისტორიული მუზეუმის შენობაში გამართულ ტრადიციული ღონისძიებაზე მეცნიერ-თანამშრომლებმა გამორჩეული ნაშრომები წარმოადგინეს, ისაუბრეს XIX საუკუნის სავაჭრო ცენტრების შესახებ, რომელიც გურიის ტერიტორიაზე იყო; ასევე, ბოლოდროინდელ აბანოს აღმოჩენაზე. მუზეუმის ფონდების მცველის მანანა ლომაძემ თავისი ნაშრომის _ “ძველი აბანოების ნაშთები ოზურგეთში”, გაცნობის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა _ მისი თქმით, მუზეუმის წინ, იქ, სადაც საზოგადოებრივი ტუალეტი შენდება, კარგი იქნებოდა, სუვენირების მაღაზია ან მუზეუმისთვის შესაფერისი შენობა აგებულიყო: _ გურიელების ნაფუძვარზე საზოგადოებრივი ტუალეტის დადგმა არ არის ლამაზი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მანანა ლომაძემ.
ღონისძიება ისე დასრულდა, რომ ლომაძის თხოვნას ადგილობრივი ხელისუფლება არ გამოხმაურებია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს მუზეუმის საერთაშორისო დღე ორიოდე სიტყვით მიულოცეს.