დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსთან თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად ანასეულში განსახორციელებელი საპროექტო სამუშაოები განიხილა.
ბეგლარ სიორიძე მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრას გასული წლის მიწურულს შეპირდა. წყლის მიწოდება ანასეულელთათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს და წლებია მოსახლეობა ტექნიკური წყლით სარგებლობს. წყლის მიწოდების საკითხი ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მწვავდება.
პირველ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი კვლევას ჩაატარებს, რის საფუძველზეც ტექნიკური დავალება დაიწერება და მოხდება პროექტის შედგენა.
"აქაურ მოსახლეობას სავსებით სამართლიანი პროტესტი აქვს, რადგან მათ კომუნისტების დროსაც კი არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი და ისინი ტექნიკური წყლით სარგებლობდნენ. დღეს საფუძველი ჩაეყარა სისტემის რეაბილიტაციის საკითხს და დარწმუნებული ვარ რომ წელს აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება" – განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
(R)