მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II წირვას ქაშუეთის ტაძარში ატარებს.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.
გიორგობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ, 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავს.