საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს არ ეთანხმება იმაში, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე რეაგირება დროულად არ ხდება.
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს, _ აცხადებს შოთაძე.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე უსწრაფესად ხდება რეაგირება და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნაც ხორციელდება.
"ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა", _აღნიშნავს მთავარი პროკურორი.
რაც შეეხება სამართალდამცავთა საქმეების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხს, რისი ინიციატორიც არასამთავრობო სექტორია, შოტაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დაფიქრებაა საჭირო.
"ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მდიდარი პრაქტიკა არ არსებობს მსგავსი საგამოძიებო ორგანოების და კარგი მსჯელობა გვმართებს", _ განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამავე თემაზე:
პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაზრდილია – ომბუდსმენი