რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში", ნიჭიერი ახალგაზრდების: ნიკოლოზ კიწმარიშვილისა და გვანცა კალანდაძის წიგნის _ "დაუცხრომელთა სამყოფელი _ გურია" _ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის გარეკანზე გრაფიკისა და ფერწერის შერწყმით შესრულებული გურული ოდასახლები, ულამაზესი ხედები, მთიდან გადმოხეთქილი ჩანჩქერი და მცხუნვარე მზე, მკითხველს გურიაში სამოგზაუროდ განაწყობს.
წიგნის რედაქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი გიორგი კეკელიძე ასე ესაუბრება მკითხველს: "მწერლობა, მით უფრო დოკუმენტური, მით უფრო მხატვრული ესკიზებით _ რთული საქმეა. მაგრამ თუ დაუცხრომელთა ქვეყნის ორი დაუცხრომელი და ძალიან ნიჭიერი შვილი ნიკოლოზი და გვანცა, მოჰკიდებს საქმეს ხელს, სირთულეების დაძლევა გარდაუვალია. ეს წიგნიც ამის ნიშანია, დიდი შრომისა და პასუხისმგებლობის შედეგი. შრომა და პასუხისმგებლობა შემთხვევით არ მიხსენებია პირველად _ ავტორების ნიჭიერებაში წიგნის წაკითხვის შემდეგაც დარწმუნდებით. გამართული, ზომიერი სტილი, იუმორი. ზოგჯერ ირონია, ზოგჯერ თვითირონიაც. სინთეზური მდინარებაა: ნაშრომის ენას მხატვრული გამოხატვა ცვლის, ლექსიკონის სასარგებლო რუტინას დახლართული ამბები. ეს არის წიგნი გურიაზე და გურულებზე _ ოღონდ, არა მხოლოდ გურიაში და გურულების წასაკითხი. მე დიდად ვისიამოვნე, ახლა თქვენი ჯერია".
როგორც წიგნის ავტორები ამბობენ, გურიას "დაუცხრომელთა სამყოფელი" უწოდეს, რადგანაც თავად გურულები არიან და დაუცხრომელი სულისკვეთება ამოძრავებთ. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკოლოზ კიწმარიშვილმა სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტზე განაგრძო, ხოლო გვანცა კალანდაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. მათ ეს წიგნი გურიიდან წასვლის ოთხი წლის თავზე დაწერეს. წიგნის დაწერის იდეა სპონტანურად გაჩნდა, რაშიც გიორგი კეკელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
წიგნში _ "დაუცხრომელთა სამყოფელი" დღევანდელი ყოფა და ახლო წარსულია აღწერილი. გურიის შესახებ, რა თქმა უნდა, ბევრი თქმულა და დაწერილა სხვადასხვა ავტორის მიერ და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს ამ ორი ახალგაზრდის სახელიც შეემატა, რომლებსაც უსაზღვროდ უყვართ თავიანთი მშობლიური კუთხე. ისინი სამომავლოდ კვლავ გაახარებენ მკითხველებს ახალი წიგნით, რომელიც მთლიანად გურულ იუმორს დაეთმობა.
ქეთევან კუკულავა