13-14 მაის სთბილისის ახალი სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობა საუკეთესოებს უფროსებში და ახალგაზრდებში გამოავლენს. თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე 20-ზე მეტი ქვეყნის 327 სპორტსმენი გამოვა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული გეგმით ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დასკვნით შეკრებაზე გადავიდა. მსგავსი მაღალი დონის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა, შესაბამისად ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტიც და საქართველოს ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება, რათა შეჯიბრებამ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს, ჩვენმა კარატისტებმა კი თბილისში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ.
ევროპის ჩემპიონატის წინ კარატეს ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა და წარმატება უსურვა.
შეგახსენებთ, შარშან ვარშავაში გამართულ ევროპის პირველობაზე ისტორიული ფაქტი მოხდა, 70 კილოში ქართული ფინალი შედგა – გამოცდილმა ლაშა ხაჭაპურიძემ, ახალგაზრდა ანდრეი ზინჩენკოს მოუგო. ხაჭაპურიძე და ზინჩენკო წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მოგების უმთავრესი ფავორიტები არიან.