სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი ვასილ ბექაური დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ვასილ ბექაურმა ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მფლობელს თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შესაცვლელად ჩასატარებელი სამუშაოების გადაცემისა და დაფინანსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით თანხის გადახდა მოსთხოვა.
2016 წლის აპრილში, ბექაურმა ქრთამის სახით აიღო 1800 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 მაისს ვასილ ბექაურმა პირისგან ქრთამის სახით დამატებით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.