დღს, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისი“-ს სააქტო დარბაზში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრის „ინტელექტის დღე-2016“-ის ფინალური ეტაპი ჩატარდება.
ტურნირის პირველ, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებული 73 სკოლის გუნდი 2016 წლის ყველაზე ინტელექტუალურ სკოლას გამოავლენს.
დასკვნით ეტაპზე გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ – „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეოთხედ იმართება.
23 აპრილს 73 სათამაშო მოედანზე ერთდროულად პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს.
ფინალურ თამაშს გაუძღვება საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.
„ინტელექტის დღე 2016“ დასკვნით რაუნდს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები.