"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებლებმა ლაშა დონაძემ და დავით ლაღიძემ, ნატანების მაჟორიტარ დეპუტატს, შპს "კიდობანის" დამფუძნებელს და "ქართული სუპტროპიკული ხილის კომპანიის" დირექტორს, დავით სიხარულიძეს თანხის გამოძალვის მიზნით, 10 000 ლარი მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქარხნის დაწვით დაემუქრნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს მაჟორიტარი დეპუტატი.
დავით სიხარულიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ პიროვნებებს შორიდან იცნობს და მათთან უშუალო, პირადი კონტაქტი არასდროს არ ჰქონია:
"ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი ქარხნის დაწვას აპირებდნენ, მეც სხვა პირებიდან გავიგე. როგორც თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია, მეც ასე მითხრეს, სხვა არაფერი, არ ვიცნობ მათ ახლოს, ვიცი რომ არიან ჩემი სოფლელები, ჩემთან რაიმე პირადი საუბარი მათ არ ჰქონიათ"_ ამბობს სოფელ ნატანების მაჟორიტარი დეპუტატი.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ოფიაციალურ მასალას აქვეყნებს:
შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ლაშა დ. და 1992 წელს დაბადებული დავით ლ. ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები ფეხით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ, ლაშა დ.-ს პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო ორლულიანი თოფი, ე.წ. "აბრეზი"2 ვაზნით, ხოლო დავით ლ-ს პირადი ჩხრეკისას – გადაჭრილი სანადირო ერთლულიანი თოფი, ე.წ. "აბრეზი" 1 ვაზნით ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.