17 მაისს "ლგბტ" ჯგუფები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საჯარო გამოსვლას აღარ გამართავენ. სოციალურ ქსელში "ფეისბუქში" ვრცელდება განცხადება, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭავაძის გამზირზე; შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა საჯაროდ შეკრების ადგილის სხვა ალტერნატივებიც – პრაქტიკულად, 17 მაისის შეკრების ჩატარება შესაძლებელია თბილისის სხვა ქუჩებში, სკვერებსა თუ ადგილებში, გარდა რუსთაველის გამზირისა. ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს.
ჩვენი აზრით, ხელისუფლება, მიუხედავად არსებული რისკებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. საჯაროდ შეკრების თავისუფლება გულისხმობს შეკრების მონაწილეების მხრიდან შეკრების ადგილისა და დროს თავისუფლად შერჩევას, სხვა შემთხვევაში ეს აღარ იქნება შეკრების თავისუფლება და უფლებების დაცვა.
ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას, მაგრამ უშედეგოდ – ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.































































