ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ სამ კომისიას _ საფინანსო, სოციალურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიებს, შემადგენლობის გადახედვა მოუწევთ.
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის წინადადებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კომისიებში ერთი და იმავე ფრაქციის რამდენიმე წევრია წარმოდგენილი, კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებია გასახორციელებელი. მისი განმარტებით, მიზანშეწონილია თითოეულ კომისიაში ფრაქცია თითო წევრით იყოს წარმოდგენილი.
"გამონაკლისს მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნება" წარმოადგენს, რომელიც უმრავლესობაშია და აქვს ფუფუნება კომისიებში ერთზე მეტი წევრი ჰყავდეს. მაგალითად, ახლადშექმნილი ფრაქციის _ "ქალები პოლიტიკაში" სამივე წევრი სოციალურ საკითხთა კომისიაშია გაწევრიანებული, რაც ნამდვილად არ არის გამართლებული. მე მოვუწოდებ ფრაქციებს, რომელთაც ეს ეხებათ, გაითვალისწინონ ჩემი შენიშვნები", _ დასძენს ბიწაძე, რომელიც ქალბატონების ფრაქციას სახელის შეცვლასაც ურჩევს.
ბიწაძის ამ შენიშვნებისადმი შენიშვნები და პრეტენზიები არ წამოუყენებია არც საფინანსო და არც ქონების მართვის კომისიებს. თუმცა, ბიწაძის მოსაზრებებსა და შენიშვნებს არ ეთანხმება სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ია ჩხაიძე:
"ჩვენ საკმაოდ მრავალრიცხოვან და ქმედით კომისიას წარმოვადგენთ. ეს ქალბატონები, რომლებიც შემდგომ ერთ ფრაქციად ჩამოყალიბდნენ, საკმაოდ საჭირო საქმიანობას ახორციელებენ კომისიაში და მათი ჩემ გვერდით ყოფნა ნამდვილად საჭიროა. პრობლემად არ მიმაჩნია მათი სოციალურ კომისიაში ერთად ყოფნა", _ ამბობს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თავის მხრივ, არც "ქალთა ფრაქციის" თავმჯდომარის, ნონა მურვანიძისთვისაა ბოლომდე მისაღები ბიწაძის მიერ წამოჭრილი მოსაზრებები, თუმცა, ამბობს, რომ, ზოგადად, კანონმორჩილი ადამიანია და ყველაფერს კანონთან შესაბამისობაში განახორციელებს.
რაც შეეხება ფრაქციის სახელწოდებას _ "ქალები პოლიტიკაში", მისი შეცვლა სამომავლოდ, ალბათ, გარდაუვალი იქნება. თუმცა, რამდენად იქნება ამაში რომან ბიწაძის წვლილი, რომელიც ფრაქციის ერთ-ერთ წევრს, დარეჯან ბურჭულაძეს იმთავითვე ადანაშაულებდა თანაპარტიელი მამაკაცის, ომარ გოგიჩაიშვილის დისკრიმინაციაში, ძნელი სათქმელია. როგორც ამბობენ, სწორედ, ბატონი ომარი გეგმავს ამ ახლადშექმნილ ფრაქციაში გაწევრიანებას და ფრაქციასაც "მეტი ქალი პოლიტიკაში" დაერქმევა.