მაჟორიტარების კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, 1 ივნისს დასახელდება.
რაც შეეხება სიაში ვინ რა ნომრით შევა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამაზე მსჯელობა ჯერ არ დაუწყიათ: _ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ნომერი არ მექნება, _ თქვა ივანიშვილმა.
კითხვაზე, _ იქნება თუ არა პაატა ბურჭულაძე მაჟორიტარების სიაში, “ქართული ოცნების ლიდერმა განმარტა: “პაატა ჩემი მეგობარია. მე და პაატა, ორივე ერთად ვცდილობთ, იქნებ, დარჩეს ის პოლიტიკის გარეშე. დღესდღეობით, პაატას კანდიდატურა არ განიხილება. მაგრამ, თუ ძალიან გაგვიჭირდა, შეიძლება რაღაც მოხდეს. მე მგონია, ამის აუცილებლობა არ დადგება. მან უნდა აკეთოს ის, რასაც აკეთებს, რასაც ძალიან კარგად აკეთებს. საქართველოს მან სახელი გაუთქვა. ყველაზე წარმატებული თუ არა, ერთ-ერთი წარმატებული ქართველია დღეს მსოფლიოში. იქნებ, არ ღირდეს პოლიტიკისთვის მოვაცდინოთ პაატა?!”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, როგორია თქვენი გეგმები რეგიონთან დაკავშირებით და გეგმავთ თუ არა ასეთ მასშტაბურ აქციებს რეგიონებში? ბიძინა ივანიშვილმა გვიპასუხა: “7 ივნისს ქუთაისში ვიქნებით. ყველა ქალაქში ამ დონის აქციები, ალბათ, ვერ ჩატარდება, მაგრამ აუცილებლად ჩატარდება ბათუმში, ზუგდიდში, თელავში…
გარდა დიდი აქციებისა ჩვენ გვექნება ჩასვლები პატარა ქალაქებსა და სოფლებში. მე ვცდილობ, მაქსიმალურად ყველა სოფელი მოვიარო არჩევნებამდე. ასევე იზამენ კოალიციის სხვა ლიდერებიც. რეგიონებში განწყობა არის. მე მაქვს მხედველობაში ხელისუფლებასთან განწყობა და ამ ხელისუფლების ისეთივე მიუღებლობაა რეგიონებშიც. ოღონდაც, კომპაქტურად ესენი ახერხებენ იოლად დათრგუნონ სოფლები და რაიონები, სადაც ცოტა ხალხია. აი, ამას ჩვენ წამოვწევთ. ისინი ერთ კაცს აშინებენ, ხუთი ერთზე მიდიან და ახერხებენ დაშინებას. იქაც შევქმნით ამ მუხტს და ნახავთ, რომ რეგიონებში არანაკლები მუხტია”.