ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ არჩევნები მოიგო. მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი, გრიგოლ კალანდარიშვილი იყო.
ვასილ ჩიგოგიძემ 918 ხმა მიიღო, გრიგოლ კალანდარიშვილმა – 504 ხმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 23 მაისს, 03.30 წთ-ზე გამოაქვეყნა. როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, მოცემული დროისთვის დათვლილია ყველა – 45 საარჩევნო უბნის შედეგი.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები", – განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.