ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან კორპუსის შიდა ეზოს მოასფალტებას ითხოვენ. როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, მათ ამის თაობაზე განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობას გასული წლის ნოემბერში მიმართეს, თუმცა, აქამდე პასუხი არ მიუღიათ.
"მცირედი წვიმის დროსაც კი აქ წყლის უზარმაზარი გუბეები დგება. აქაურობა მთლიანად დაჭაობებულია. ახლა ზაფხული მოდის _ ბაყაყებისა და კოღოების სამფლობელოდ გადაიქცევა ეზო. მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თბილისის ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე არხის მშენებლობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ ცენტრალურ ქუჩაზე გაკეთდა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენი ეზო. ბუნებრივია, არხი ეზოში დამდგარ წყალს ვეღარ ატარებს, აქედან გამომდინარე, გვექმნება დიდი პრობლემა და კორპუსის მობინადრეებს ყოველი გაწვიმების გვეშინია, ნავია საჭირო, რომ ეზო გადაცურო.
გასულ წელს, შევიტანეთ გამგეობაში განცხადება, ადგილობრივი პრესის საშუალებით ღია წერილითაც მივმართეთ, თუმცა, ამდენი ხანი გავიდა და აქამდე პასუხი არ გვეღირსა. ვითხოვთ ეზოს მოასფალტებას და არა მოხრეშვას! ჩვენ თანახმა ვართ, ეს პრობლემა კორპუსის ამხანაგობასთან ერთად თანადაფინანსებით მოგვარდეს", _ ამბობენ თბილისის ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები.
როზმარ ბარამიძე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ძირითად დროს სახლის ფანჯარასთან ატარებს, ამბობს, რომ ზაფხულობით განსაკუთრებით აუტანელია მისთვის აქაური მდგომარეობა:
"წინა და ახლანდელ მთავრობასაც მივმართეთ დახმარების თხოვნით, ბოლოს გასულ წელს დავწერეთ განცხადება. არანაირი წერილობითი პასუხი მათგან არ მიგვიღია, სიტყვიერად გვითხრეს, ეზოს მოგიხრეშავთო. 50 ოჯახზე მეტი ცხოვრობს ამ კორპუსში _ ზოგ სოფელში არაა ამდენი მაცხოვრებელი. სხვაგან ხომ აგებენ ასფალტს, ჩვენ რა დავაშავეთ?! ძველი სკვერი რომ მოშალეს, ახალი უნდა გავაკეთოთო, ხალხის საჭიროებისამებრ მიემართათ ის ათასები, არ ჯობდა?! ზაფხულში აქ იმდენი კოღო იქნება, შეგვჭამს.
რაც ეზოში წყალი დგება, ყველა სახლის სარდაფში ჩადის, გამოეთხრება ერთ დღეს ძირი ამხელა კორპუსს. ზაზა ურუშაძე კი გვპირდება, ყველაფერს გაგიკეთებთო, ბოლოს კი არაფერსაც არ გვიკეთებენ. ვის მივმართოთ, რა ვქნათ?! არჩევნები მოდის და ახლა თუ მოგვხედავს ვინმე, თორემ მერე არავის გავახსენდებით", _ ამბობს ქალბატონი როზმარი.
კორპუსის მაცხოვრებელთა ბრალდებას, რომ მათი განცხადება გამგეობამ უყურადღებოდ დატოვა, არ ადასტურებს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობას პასუხი გაეცა, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე, პრესის საშუალებით:
"ჩვენ მათ პასუხი გავეცით, თუმცა, იმ ტერიტორიის მოასფალტება, რომელსაც მოსახლეობა ითხოვს, მიმდინარე წელს არ არის გათვალისწინებული. აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წელს გახორციელდება", _ განმარტავს ჩხაიძე.






























































