ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე აცხადებს, რომ მან ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას სავარაუდოდ შეცდომა დაუშვა, სხვა შემთხვევაში მისი წლიური დანახარჯი შემოსავლის თანხაზე 10 000 ლარით მეტი ვერ იქნებოდა.
საქმე ისაა, რომ ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც დარჩიძემ 2016 წლის 18 მაისს შეავსო, მისი წინა წლის შემოსავალი 34 079 ლარი იყო.
კერძოდ, მან ააიპ – ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამდებობისთვის 25434.00 ლარი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის პოზიციისთვის 2828.00 ლარი; ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი მეცნიერ-თანამშრომლის პოსტისთვის 2926.52 ლარი, ხოლო ააიპ – "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" დირექტორის თანამდებობისთვის 2891.30 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
დარჩიძის გასავლებმა კი, საერთო ჯამში 44 545 ლარი შეადგინა.
კერძოდ, დარჩიძემ 70 000-ლარიანი იპოთეკური სესხის პროცენტის დასაფარად გასულ წელს 10687.43 ლარი გადაიხადა. ასევე დაფარა მეორე, 3500.00-ლარიანი სესხიც.
გარდა ამისა, დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ავეჯის შესაძენად 9500.00 ლარი დახარჯა; ბინის რემონტისთვის კი 6000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის 11 000 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო 3857.91 ლარით განვადების თანხა დაფარა.
"გურია ნიუსთან" საუბრისას დარჩიძე ამბობს, რომ შესაძლოა, მან დეკლარაციის შევსებისას "რაიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა" დაუშვა.
"არ ვიცი ნამდვილად, შესაძლოა რაიმე ტექნიკური შეცდომა დავუშვი. იმიტომ, რომ დანაზოგი ნამდვილად არ მქონია, პირიქით, სესხი მაქვსგაკეთებული. გადავამოწმებ აუცილებლად. ახლაც საკმაოდ დიდი ვალი მაქვს, სესხი. შარშანწინ ბინა შევიძინე, რემონტი ჩავატარე, ხარჯი მართლაც ბევრი მქონდა. ბევრჯერ მომიწია სესხის აღება კერძო პირებისგან და ბანკისგან, მაგრამ შემოსავალზე მეტს ბუნებრივია ვერ დავხარჯავდი, ყველაფერს გასტუმრება უნდა. შესაძლოა, ტექნიკურად შემეშალა", _ აღნიშნავს დარჩიძე.
რაც შეეხება დეკლარაციაში მითითებულ გრანტს, რომლის თანხა 12650 ლარს შეადგენს, დარჩიზე განმარტავს, რომ მან ეს თანხა ბოტანიკურ ბაღში მუშაობისთვის მიიღო.
"ამ გრანტს იღებს ბოტანიკური ბაღის ყველა თანამშრომელი, ვინც ბოტანიკურ ბაღში მუშაობს. ეს არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი", _აღნიშნა დარჩიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ამავე თემაზე:
როგორ დახარჯა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თავის შემოსავალზე 10 000 ლარით მეტი


































































