_ რამდენიმე ტრაილერმა, რომელსაც თურქი მძღოლები მართავდნენ, სოფელ მშვიდობაურამდე დიდი ზომის კონსტრუქციები და მილები ამოიტანა, რთული რელიეფის გამო კი ბახვიჰესამდე მისვლა ვეღარ შეძლო. ერთი კვირის მანძილზე, მძღოლები იქვე, კაბინებში ათევდნენ ღამეს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ელოდნენ, რომ აქედან სხვა, პატარა ზომის სატვირთო მანქანებით გადაიტანდნენ სამშენებლო ტვირთს. ერთ დღეს, როცა ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სკოლიდან მომავალ ადგილობრივ მკვიდრ გოგონას უხეში ხუმრობა და მანქანაში მიპატიჟება დაუწყეს. გოგონა გაიქცა და ეს ყველაფერი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეატყობინა. მალე გოგონას მამა და სოფლის რამდენიმე მცხოვრები ადგილზე ერთად მივიდნენ და მოძალადეები გვარიანად სცემეს. ჩვენივე წყაროს ცნობით, თურქებმა ტრაილერები იმავე დღეს სასწრაფოდ დაცალეს და იქედან გაუჩინარდნენ.
“გურია ნიუსი” რამდენიმე ბახველს ესაუბრა. მათ ინფორმაცია ინციდენტის შესახებ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ კონსტრუქციები და მილები დღესაც იმავე ადგილზე ყრია, სადაც დატოვეს.
რამდენიმე სატელეფონო ზარის მიუხედავად, ვერ შევძელით ბახვის გამგებელთან დაკავშირება, სპეციალისტმა გიორგი ნიკოლაიშვილმა კი, მე ასეთი არაფერი გამიგიაო, გვითხრა.
მიუხედავად ამისა, “გურია ნიუსს” არა ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ ფაქტი სინამდვილეს შეეფერება: “მთელმა სოფელმა გაიგო და ვითომ გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა ვერ გაიგეს ეს ამბავი?”, _ ამბობენ ისინი.