კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე იმყოფებიან.
როგორც სპორტსმენებმა ჟურნალისტებთან საუბრისას შენობაში შესვლამდე განაცხადეს, ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენებაც მისცენ.
მათივე თქმით, შს მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს თავისი ნებით მისულიყვნენ შსს-ში და ჩვენება მიეცათ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.
კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის, კობა ტყეშელაშვილის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაიწყო პროვოცირება, ქვების სროლა, ”ბიტების” ჩარტყმა, ერთ სპორტსმენს თავი გაუტეხეს და ამას მოჰყვა ჩხუბი. ”ვარ ”ქართული ოცნების” წევრი 2012 წლიდან და ამიტომ ვიმყოფებოდი კორცხელში. მანამდე სხვა რეგიონებშიც ვიყავით და იქ ინციდენტი არ მომხდარა, რადგან იქ არ იყო ნიკა მელია. მოვედით შსს–თან, რათა ბრალდებებს გავცეთ პასუხი. ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რასაც თვითხილველები დაადასტურებენ”, _ აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი.
მათი განცხადებით, სამინისტროსთან სპორტსმენების მხარდასაჭერად მივიდნენ. მათი თქმით, სპორტსმენებს კორცხელში დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ შეურაცხყოფა ვერ აიტანეს.
"ვითხოვთ დღესვე გამოუშვან სპორტსმენები! არ გაბედონ მათი დაკავება! დაიბარეთ ბოკერია და მელია და მათ აგებინეთ პასუხი", _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეები.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.
" ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", _ განაცხადა მღებრიშვილმა.