"მე მგონია, ვინც დასასჯელი იყო ის დაისაჯა, ვიზეც მიდის გამოძიება აუცილებლად დაისჯება" _ ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა საკმარისი 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი მოვლენების გამო მხოლოდ ვანო მერაბიშვილის დაკავება:
_ სულ მცირე 89 ადამიანი არის დაკავებული ძალადობაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მართლმსაჯულების ნაწილში განაჩენი დამდგარია იმ პირებზე ვინც იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები, ვინც ავალებდნენ და ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
როდესაც ახერხებ იმას, რომ სამართლიანად, პრეზიდენტზე, პრემიერზე, შს მინისტრზე, თავდაცვის მინისტრზე, იუსტიციის მინისტრზე, მერზე გამოგაქვს გამამტყუნებელი განაჩენი და დემოკრატიული საზოგადოება, მეგობარი ქვეყნები არ გადანაშაულებენ იმაში, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა, სწორედ ეს არის სწორი გზა.
ყველა სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი და მე მგონია, ვინც დასასჯელი იყო ის დაისაჯა, ვიზეც მიდის გამოძიება აუცილებლად დაისჯება, _ განაცხადა ქუმსიშვილმა.