26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დღეს, აწ გარდაცვლილი მხატვრის გერონტი ღლონტის გამოფენა "ოქროს პალიტრა" გაიხსნა.
"ოქროს პალიტრის" გახსნამდე, გალერეაში მისი ნამუშევრების გამოფენა შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები და გერონტი ღლონტი ოჯახის წევრები დაესწრნენ.
გერონტი ღლონტი დაიბადა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში, აღვის თემში 1938 წლის 5 იანვარს. დედა ადრე გარდაეცვალა, მამა დიდ სამამულო ომში დაიკარგა და პატარა გერონტი ქუთაისის საბავშვო სახლში მიაბარეს თავის სამ დედ-მამიშვილთან ერთად, საიდანაც 11 წლის ასაკში შვილად აიყვანა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურის მკვიდრმა პელო ღლონტმა, გარდაცვლილი იაკინთე ღლონტის ქვრივმა. გერონტი ღლონტი სიცოცხლის ბოლომდე ბოხვაურში ცხოვრობდა, თავის კარ-მიდამოში შექმნა ეთნოგრაფიული გარემო, რომელშიც შერწყმული იყო ლეჩხუმური და გურული ტრადიციები. ამ კარმიდამოში გაატარა მან მთელი ცხოვრება და 2004 წლის 27 ოქტომბერს მძიმე სენით გარდაიცვალა საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
გერონტი ღლონტი თვითნასწავლი მხატვარი იყო. მას გრაფიკოსი მხატვარი შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ მრავლადაა მის შემოქმედებაში ფერწერული ტილოებიც. მას ასობით ნახატი აქვს შექმნილი, რომელსაც არ ჰყიდდა, მხოლოდ დაინტერესებულ, შემოქმედების მოყვარე ადამიანებს ჩუქნიდა. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მას 500-ზე მეტი ნამუშევარი აქვს გაჩუქებული. გერონტის იყო ბათუმის მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ეროვნულ თუ საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნახატები ინახება ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ბათუმის სამხატვრო გალერეის ფონდსა და არა ერთი უცხოელისა (არგენტინა, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი) თუ თანამემამულის ოჯახში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძე ამბობს, რომ გერონტი ღლონტის სამყარო ლირიზმით, შორსმავალი გზებითა და სიყვარულით იყო სავსე.
"ქართული, თბილი, შემოდგომანარევი ცხოვრების ფერები. სივრცე გაშლილი, მდელოები რბილი და საოცარი სიმყუდროვე.
გავბედავ და ვიტყვი, რომ ასეთია ჩემი პირველი ემოციები, ბატონი გერონტის სულიერი ფანჯრიდან დანახული მხატვრულ სამყაროსთან შეხების შემდეგ.
იგი ნამდვილად იყო ინდივიდუალიზმითა და სიმართლით გამორჩეული პიროვნება და შემოქმედი."- თქვა ლია ურუშაძემ.
მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი ამბობს, რომ გერონტი ღლონტმა თავის ნამუშევრების უდიდეს ნაწილში ასახა ეთნოგრაფიული გურია.
"გერონტი ჩვენთვის იყო ლეგენდარული ადამიანი, კაცი სიმართლის მთქმელი, საუცხოო გურული იუმორით. იგი ნამდვილი მხატვარი იყო სულითა და ხორცით და რაოდენ სამწუხაროა, რომ უდროოდ წავიდა. ის კიდევ შექმნიდა ნამდვილ შემოქმედებას.
მას აქვს ეთნოგრაფიული გურია წარმოდგენილი, ეს განძი, პირველ რიგში, არის ჩვენი და ამით აუცილებლად უნდა ვამაყობდეთ.
დღეს არის მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. მერაბი და გერონტი ახლო მეგობრები იყვნენ. მერაბი ხშირად სტუმრობდა გერონტის სახლში და საუბრობდნენ საქართველოს ბედზე." – გვითხრა ვახტანგ მამეიშვილმა.