დღეს, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღონისძიებები გაიმართა.
თბილისში დაგეგმილი ღონისძიებები ძირითადად თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა.
ღონისძიებების დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში ერთდროულად დადო. ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და ნატოს სამხედრო დანაყოფები დაესწრნენ.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია სახელმწიფო ანსამბლ "სუხიშვილების" ხორუმით დასრულდა.
სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე გაისეირნეს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტ "დროის ამბავის" ფარგლებში, ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონიას დაესწრო. დროის კაფსულა 25 წლის შემდეგ, 2041 წელს გაიხსნება.
რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება.