ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში კონცერტი გამართა. ეს დღე მუსიკოსმა ქართველ მსმენელს "დინამო არენადან" მიულოცა. უილიამსი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა. კონცერტზე შესრულდა ყველასათვის ცნობილი ჰიტები მუსიკოსის რეპერტუარიდან.
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხიელ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.
კონცერტის შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას", _ განაცხადა უილიამსმა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.
უილიამსის კონცერტი "დინამო არენაზე" 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. რობი უილიამსმა მადლობა გადაუხადა ქართველ მსმენელს და დაპირდა, რომ თბილისში კვლავ დაბრუნდება.
ცნობისთვის, მომღერალი რობი უილიამსი საქართველოში 26 მაისს, პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა. ოფიციალური მონაცემით, რობი უილიამსის კონცერტისთვის 37 ათასი ბილეთი გაიყიდა.
ცნობისთვის, Check in Georgia მთავრობის გადაწყვეტილებით ტარდება და ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ ყოველწლიურ ფესტივალებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში ჯამში 150-მდე ღონისძიება გაიმართება. მთავრობის განმარტებით ეს პროექტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. Check in Georgia-ს ჩასატარებლად კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 32 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები (26 მარტიდან 30 დეკემბრამდე) და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. სამინისტროს ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5, ხოსე კარერასისა და სხვა შემსრულებლების კონცერტები დაფინანსდება.
ამავე თემაზე:
უილიამსმა თბილისში კვლავ დაბრუნების პირობა დადო
რობი უილიამსმა ქართველ მაყურებელს დამოუკიდებლობის დღე სიმღერით მიულოცა