თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თამბაქოს მავნელობასა და მის უარყოფით ზეგავლენის მოხდენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„მინდა აღვნიშნო, რომ თამბაქოს მოხმარებით ადამიანები ზიანს აყენებენ არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვის ჯანმრთელობასაც დიდ საფრთხეს უქმნიან. ძალიან შინაარსიანი და შედეგიანი შეხვედრა შედგა. მიხარია, რომ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სხვადასხვა დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად მართავენ. კარგი იქნება თუ ყველა ერთად ავირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და უარს ვიტყვით თამბაქოს მოხმარებაზე,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ელზა სიმონიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ ექვს წამში ერთი ადამიანი იღუპება. თამბაქოს მომხმარებელ მამაკაცებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 13.2, ხოლო ქალებში 14.5 წლით მცირდება. თამბაქოს კვამლში 7 000-მდე მავნე ქიმიური ნივთიერებაა, მათ შორის 70 კიბოს გამომწვევია. საქართველოში, თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურებულ ჰაერს ყოველწლიურად 3 000 ადამიანი ეწირება და ათიდან რვა ბავშვი, მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაია ქუტიძე და ექიმი გელა უგრეხელიძე დაესწრნენ.
R